ინტელექტკლუბის - „რა? სად? როდის?“ 550-ზე მეტი მოთამაშე ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ ეწინააღმდეგება

ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“, მოთამაშეები - 550-ზე მეტი მოთამაშე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას.


„ჩვენ, „რა? სად? როდის?“ მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს გაიმეოროს შარშანდელი ქმედება და მეორე მოსმენით ჩააგდოს ხსენებული კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია - ევროპა,“ - წერია განცხადებაში.


ხელმომწერთა შორის არიან ინტელექტკლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე, ტელეპროექტის მთავარი რედაქტორი ლაშა კილაძე, კლუბის მაგისტრი გიორგი ბაქრაძე და სხვადასხვა გუნდის კაპიტნები:

  • დავით რაფავა,
  • ია მეტრეველი,
  • ოთარ საბაშვილი,
  • ირინა ფრუიძე,
  • ბაჩანა შენგელია,
  • დავით სიჭინავა,
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე,
  • გიორგი მელაძე.

შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.