პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ, პროტესტის მესამე ღამეს“ აცხადებს, რომ ხალხი ყოველთვის იმარჯვებს.


„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“ წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.