სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის, ჩოი სანგ-მოკის ცნობით, 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინის დახმარების პაკეტიდან 200 მილიონი დოლარის გამოყოფა მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ხოლო დარჩენილი 2,1 მილიარდი დოლარი 2025 წლიდან ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაიცემა.
სამხრეთ კორეა მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უკრაინის დახმარების პროექტებისთვის 50 მილიონ დოლარს გადასცემს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 2023 წლის სექტემბერში პირობა დადო, რომ სეული უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ მისი აღდგენისთვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევდა.