იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - Amnesty International-ი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო.


Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი ამბობს:

„რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ხალხს პროტესტი და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, აკრავდა მათ და უმოწყალოდ სცემდა მათ ადგილზე ყოფნისას.“

იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა,“ ამბობს დენის კრივოშეევი.


Amnesty International ასევე იმეორებს თავის მოწოდებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მიუთითებს, რომ ის გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვას ცდილობს და აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას.


შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.