ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომის ზღვარზეა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმი გაძლიერდება და გაფართოვდება, რათა დასაჯოს თეირანი ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის და აღკვეთოს მომავალი ასეთი თავდასხმები. ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.


„არ მინდა გაზვიადება, მაგრამ ჩვენ ომის ზღვარზე ვართ, რეგიონული ომის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც შოკისმომგვრელ ტალღებს გაუგზავნის დანარჩენ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. ასე რომ, შევაჩეროთ ის,“ - აღნიშნა ბორელმა.


როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ, 17 აპრილს, ბრიუსელში შეხვედრისას პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს და სანქციების სამიზნე ღაზის სექტორში, იემენსა და ლიბანში მისი მარიონეტებისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდება იქნება.