დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები vs რუსული გავლენა - საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

„დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები vs (Versus - გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ ორი მხარე ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რედ.) რუსული გავლენა,“ - ასე ხედავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კატრინ კოლონა თბილისში მიმდინარე პროცესებს. მან ასე დაასათაურა სოციალურ პლატფორმა X-ზე მის მიერვე გაზიარებული ბმული, France24-ის სტატია, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს საქართველოში 20 000 ადამიანი აპროტესტებს.


შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.