პრეზიდენტი: რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში

გასული წლის ნოემბერში თქვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მოიპოვა. ეს უდავოდ გამარჯვებაა, პირველი ეტაპია, ვნახოთ, რა თქვა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა: „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა გასული წლის დეკემბერში. გასაგები რომ იყოს, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს, მის გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირისგან უფრო დააშორებს ვიდრე დაახლოებს“. ამის შიში გაქვთ თქვენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებისთვის სახიფათოა? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში.


„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ისევე როგორც სხვა კანონების მთელი სერია, რომელიც დიდი სისწრაფით მიიღება ახლა ხელისუფლების მიერ და რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დადასტურება მოხდეს. ამიტომ ვამბობ, რომ  ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ.


საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს, კავკასია საქართველოთი განისაზღვრება და ეს განსაზღვრავს ასევე სომხეთის მომავალსაც, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, ცხადია, სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ ამბობს და ხედავთ კადრებში ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის ყველა ახალგაზრდა ამ კანონის წინააღმდეგაა,“ ამბობს სალომე ზურაბიშვილი.