ზელენსკი: აშშ-ის კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს

უახლოეს თვეებში უკრაინა აპირებს, ხელი მოაწეროს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს შეერთებულ შტატებთან, ნორვეგიასთან და შვედეთთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, უკრაინა მიიღებს ძლიერ შეთანხმებას აშშ-სთან.


„ბრაზილიის მონაწილეობა მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ეს ეხება არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერას, არამედ, ჰუმანიტარულ ასპექტებს, რეკონსტრუქციას, ფინანსურ მხარდაჭერას და ენერგეტიკას. ამ ძლიერი დახმარების მთელი მოცულობა ამ ორმხრივი შეთანხმებების ნაწილია,“ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. ამავე დროს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა უახლოვდება ბალტიისპირეთის პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებების ხელმოწერას.


„ვფიქრობ, აპრილში ერთ-ერთ ქვეყანასთან გვექნება ასეთი შედეგი. მაისში შეგვიძლია, გავფორმოთ ძლიერი შეთანხმებები. ვფიქრობ, მაის-ივნისში შეთანხმებას მივაღწევთ არამხოლოდ აშშ-სთან, არამედ, სკანდინავიურ ქვეყნებთანაც - შვედეთთან და ნორვეგიასთან,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


ვილნიუსის NATO-ს სამიტის შეთანხმებების შესასრულებლად, უკრაინა მოკავშირეებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებს. ასეთი შეთანხმებები უკვე გაფორმებულია დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან.