პარლამენტთან შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ახალგაზრდები „უცხოური აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს. მსვლელობა იუსტიციის სახლთან დასრულდა. ხვალიდან, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.