დუდა: NATO თუ გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდეს, თუკი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში.


„თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ - აღნიშნა დუდამ გამოცემა Fakt-თან ინტერვიუში. მისი თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.


„ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მზადყოფნა გამოვთქვი. რუსეთი სულ უფრო მეტად ახორციელებს კალინინგრადის მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.


დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.