რაფაელ გროსი: ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს.

მისი შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი.“

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მოითხოვს „ბევრ სხვა რამეს“ - მაგალითად, დატესტვას.


როგორც რაფაელ გროსი აღნიშნავს, ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს.

„მაგალითად, რატომაა საჭირო ამ მიზნებისათვის გამდიდრებული ურანის „ასეთი მოცულობა“ და მისი წარმოების „ასეთი სიჩქარე“?“ - აღნიშნა გროსიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანელი კოლეგიების საქმიანობასთან წვდომის საჭირო დონე არ აქვს. ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ის, რომ ირანი ეფექტიანად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არ იცის ამის შესახებ, გროსიმ უპასუხა, რომ მას ამაზე სპეკულირება არ შეუძლია.