ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ მან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი მიიწვია.

„მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან "აგენტების კანონზე." მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს - კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ,“ წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.