ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. დახმარების პაკეტი ჩვეულებრივზე მსხვილი იქნება. ის სასწრაფოდ საჭირო საარტილერიო და საჰაერო თავდაცვასთან ერთად, ჯავშანტექნიკას მოიცავს.
პენტაგონს სურს, რომ პაკეტი მზად იყოს დაუყოვნებლივ გადასაცემად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების კანონპროექტს, როდესაც ის სამშაბათს სენატის სხდომას გაივლის. პაკეტი, რომელზეც პენტაგონი ახლა მუშაობს, მოიცავს, ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Humvees-ის ჯავშანტრანსპორტირებს, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე - რაკეტებს.
„ადმინისტრაცია ამზადებს "დიდ პაკეტს, რომელიც დაეხმარება უკრაინის ბრძოლის ველზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას," განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-ს ცნობით, და დასძინა, რომ ის ასევე მოიცავს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს.
მანამდე, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ ვალანდერმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ პენტაგონი გეგმავს დახმარების მიწოდებას მისი დამტკიცებიდან „ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.“
ასევე, აშშ განიხილავს უკრაინაში 60-მდე სამხედრო მრჩევლის განთავსებას.
შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.