მეუფე შიო: ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვას, რომელიც მან კონფერენციის ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა” (გამოწვევები და პერსპექტივები) მონაწილეთადმი წარმოთქვა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


„დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია. სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ. ამას ადგილი აქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც.


ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწაა, რასაც ღაღადებს ისტორია, ტოპონიმიკა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, მაგრამ მავანთა მიერ მიზანმიმართულად ხდება ამ რეალობის შეცვლა და დამახინჯება, რაც ქართული იდენტობის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება. ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე. ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის. დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამას ემსახურება,“ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.