ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს - ბორელი

ევროპა მზად უნდა იყოს, დაეხმაროს უკრაინას ამ გამანადგურებელ ომში, თუნდაც დიდი ხნით. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამშაბათს სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


„პუტინი გააგრძელებს ომს, რომ დაიპყროს უკრაინა - რაც შეიძლება მეტი ტერიტორია. ასე რომ, ის სწრაფად არ დასრულდება. პუტინი შეეცდება,, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის თავისუფლება და, ალბათ, უფრო შორს წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას მუდმივად ამბობენ რუსი პროპაგანდისტები და ამას ამბობს ზოგიერთი რუსი ლიდერიც,“ - განაცხადა ბორელმა.


მან აღნიშნა, რომ მომავალი კვირები რთული და ალბათ უფრო საშიში იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, ევროპისთვის. ბორელის თქმით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ევროპისთვის ეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკითხია.


„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო ღრმად, მოვემზადოთ ომისთვის, რომელიც მოითხოვს ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ქმედებებს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, მაგრამ არამხოლოდ სიტყვებით, და არა მხოლოდ ხვალ და ალბათ არამხოლოდ მომავალ წელს. ჩვენი ვალდებულებაა უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის, ეს მოითხოვს ჩვენგან უპრეცედენტო ქმედებების განხორციელებას,“ აღნიშნა ბორელმა.