24 აპრილს პარლამენტთან ე.წ. "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითებდა, რომ კრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
დღევანდელი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.