“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,“ - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.“
„მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“, სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ (იხ. მუხლი 2.1).
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში თავსდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო,
როგორც ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ოთხწლიანი პროცესის წარმმართველთაგანი (დასრულდა 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით), მოგახსენებთ:
ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებული სუბიექტი ან წარმომადგენელი ფიზიკური პირი, სახელმწიფოს წინაშე იძენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის სტატუსს და ამ სტატუსით მოქმედებს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას. წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის. (იხ. კონსტიტუციური შეთანხმება. პრეამბულა; იხ. მუხლი 1. 1. იხ. მუხლი 1. 3 ).
საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი განმარტავს - ,,რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ (იხ. მუხლი 1.1).
რაც შეეხება გამჭირვალობის აუცილებლობას
საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მიღმა.
საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის” მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავსძენ, სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ ვალდებულება, აწარმოონ მონიტორინგი საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ნებისმიერი ქვეყნიდან ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოსავლებზე.
გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას.
სტიგმატიზირების საფრთხე
კანონი ძველ ბერძნულ სამყაროში აღმოცენდა და იგი მიმართულების საზომს წარმოადგენდა. თავდაპირველი ხელოვნების ნიმუშისგან ის შემდეგ თეორიად იქცა და ასე დამკვიდრდა ეს ცნება სამართლის ფურცლებში დადგენილი ნორმის წარმოსადგენად.
ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი.
სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. სტიგმა, დეფექტის აღბეჭდვასთან ასოცირდება და მისი სათავე ქრისტიანობამდელ სამყაროში იძიება. სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზაციისადმი მგრძობიერია ადამიანი და მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი. მისი აღქმა შესაბამის გავლენას ახდენს პიროვნების იდენტობაზე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის.
სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებთან.
რაც უფრო ცივილიზებულია გონება, სამართლის ნიმუშიც მით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, რადგან კანონი თავისუფლების პირმშოა ( სახელმწიფოსთვის თავისუფლების გაგების განსაზღვრება კონსტიტუციით დეკლარირებულია).
კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს.
იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.