პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია დღესაც გაიმართა.
დღევანდელ აქციაზე მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ბოლოს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ, სადაც რუსთაველია გამზირი ხელმეორედ გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს და განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდნენ.
საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს.
აქციას პარლამენტთან 26 აპრილსაც, კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.