გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. უწყების შეფასებით, საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ.
„ათასობით ადამიანი საქართველოში, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ," - წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.