შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ წერს შსს.
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მიმართეს, მისცენ უფლება, „ქართული ოცნების“ მოწყობილ სცენაზე, - რომელიც 29 აპრილს მმართველი პარტიის მხარდამჭერი დემონსტრაციისთვის არის გამზადებული, 10-მდე დემონსტრანტი აუშვან, რათა მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალონ. პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევს.