ბორელი: ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება ომის დასრულებამდე, რაც, სამწუხაროდ, მალე არ მოხდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მალე არ დასრულდება. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას საომარი მოქმედებების დასრულებამდე, იტყობინება DW.


28 აპრილს ერ-რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე გამოსვლისას, ბორელმა გაიხსენა, რომ 2022 წლის იანვარში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ეწვია დონბასს და შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს.


დიპლომატის თქმით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ ემზადებოდნენ რუსული ჯარების შეჭრისთვის და ჰკითხეს, რას აპირებს ევროკავშირი: მოუწოდებდა, უკრაინას ჩაბარებულიყო, თუ საჭირო იარაღის მიწოდებით დახმარებას გაუწევდა. ბორელის თქმით, იმ მომენტში კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ბრძოლა დაიწყო, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა კიევს. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ომის დასრულებამდე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მალე არ მოხდება.


„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ევროპელები არ წავლენ იმისთვის, რომ დონბასისთვის დაიღუპონ, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინელებს, დონბასისთვის აღარ დაიღუპონ," - განაცხადა ბორელმა.

თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 37%-ს სჯერა, რომ ომი 1-2 წელიწადში დასრულდება, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ ის ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება.