ჯეიმს ო'ბრაიენი ქართველ დეპუტატებს „კრემლის მიერ შთაგონებულ“ “უცხოური გავლენის” კანონპროექტსა და მის ნეგატიურ გავლენაზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებს ესაუბრა „კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე,“ ასევე, ორმხრივ ურთიერთობებზე. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა.


„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე, და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით,“ წერს ო'ბრაიენი.

ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.