30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა განცხადება იმ ფონზე, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდებოდა. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.
„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე, და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით,“ წერდა ო'ბრაიენი.
დღეს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოუწოდა, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს.“
„მე მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, მისი ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია,“ - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
თავის მხრივ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი.
„ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!" - წერს გერმანელი პოლიტიკოსი.
NGO-ების შეფასებით, აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას. არასამთავრობო სექტორი წუხანდელი აქციის დაშლის შესახებ ერთობლივ სამართლებრივ შეფასებაში ამბობს, რომ „2024 წლის 30 აპრილს და პირველი მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.“
30 აპრილის აქციის დაშლას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი - საქართველოს ხელისუფლებას ისიც „ძალადობის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს.
„ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროსაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში," - წერს პეტერ ფიშერი.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“
სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.