ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, გაეწვიათ ეს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობასთან არსებული კითხვის ნიშნების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზირებისა და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანად გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.
იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც ბოლო წლებში ახასიათებდა ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.“