Amnesty International-ი: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე ვრცელ განცხადებაში მიუთითებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება.“


ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამმ უნდა გააუქმოს კანონპროექტი, რომელიც აშკარად მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვას. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ეკისრება ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს.


„პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და სტანდარტებს ძალის გამოყენებისას. ბრალდებები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის, ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების, დაუყოვნებლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული. ეჭვმიტანილმა სახელმწიფო მოხელეებმა პასუხი უნდა აგონ მიუჯერძოებელი სასამართლოს წინაშე," - წერს ორგანიზაცია.


საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.