საია: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საჩივრებზე, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო.


საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილს 22 პირის სახელით მიმართა. მათ შორის, არიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი.


წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ.


„საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განაცხადა რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები:

- გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა;

- დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა;

- ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა;

  • გამოძიების არაეფექტიანობა - რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 1. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი და დაზარალებულთა არაეფექტიან ჩართულობას: 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურებას; 3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობას; 4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორ კვალიფიკაციასა; 5. დამნაშავეთა დაუსჯელობას.

ზემოთხსენებულ დარღვევებთან ერთად, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა ასევე, გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.

სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

- ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა (პარაგრაფი 217);

- სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში (პარაგრაფი 220);

- სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი (პარაგრაფი 221);

- არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის (პარაგრაფი 222);

- სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა, რაც მყისიერ სისტემურ რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს,“ წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.


შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში, საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი. გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი, გიორგი გახარია იყო.