პუტინის ინაუგურაცია გაიმართა

დღეს, 7 მაისს, მოსკოვში, კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. 71 წლის პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო, რის შემდეგაც ოფიციალურად, ექვსწლიანი ვადით რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ისევ დაიკავა. პუტინი რუსეთს თითქმის 25 წელია, მართავს.


ფიცის დადების შემდეგ, მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დაადასტურეს ქვეყნის კურსის სისწორე, რისთვისაც მადლობას უხდის, მისთვის „უპირველესი იქნება რუსეთის ხალხის უსაფრთხოება და ინტერესები", დღევანდელ „სირთულეებს ღირსეულად გადალახავენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან."


ის დარწმუნებულია, რომ „მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ფასეულობების და ტრადიციების მხარდაჭერა“ ისევ იქნება საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის საფუძველი.“


პუტინის მტკიცებით, რუსეთს „ღია და კეთილი ურთიერთობების" გაძლიერება სურს ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთს „საიმედო და პატიოსან პარტნიორად„ მიიჩნევენ და „მსოფლიოს უმრავლესობაში არიან.“ პუტინის განცხადებით, უარს არც დასავლეთის სახელმწიფოებთან დიალოგზე არ ამბობენ, თუმცა არჩევანი მათზეა - „მომავალშიც გააგრძელებენ რუსეთის განვითარების შეფერხების მცდელობას, აგრესიის პოლიტიკას და ზეწოლას თუ მოძებნიან გზებს თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის."


ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრებოდა. ინაუგურაციაზე არ იყვნენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.