უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას.
მათ შორის დასახელებული არიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები ვასილ მალიუკი და კირილ ბუდანოვი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი. კერძოდ, ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის აგენტების ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო მოძიება პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებული სამხედროების, რომლებიც შეძლებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და შემდეგ ლიკვიდაციას. ოფიციალური ინფორმაცით, აღდგომის წინ, დრონების გამოყენებით იგეგემებოდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მკვლელობა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის განცხადებით, რუსეთის გეგმის ჩასაშლელად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო პირთა ვიწრო წრე და ოპერაციას პირადად აკონტროლებდა. მალიუკის თქმით, ტერაქტით პუტინისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინათ მისი ინაუგურაციისთვის, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების კრახად იქცა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზების კურატორები იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე განყოფილების ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაქსიმ მიშუსტინი, დმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის და ტერაქტის მომზადების მუხლებით. რუსეთი უკრაინის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.