30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ბორელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.


ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქცევამ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების თვალსაზრისით, “ზღვარი გადალახა.”


ასეთმა მოქმედებამ მეტად გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.

“რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც აიღო საქართველოს მთავრობამ, საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებისას და, რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ.”


ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, დაიჭიროს “მტკიცე პოზიცია და მიიღოს შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.”

“პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საქციელი ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებთან წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. მესამე, უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი შემდგომი გადავადების გარეშე,” - წერენ ევროპარლამენტის დეპუტატები.


ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფების მხარდასაჭერად გახდენენ ევროკავშირის წევრები.

„ვინარჩუნებთ მზადყოფნას, ამის საკეთებლად, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმი ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირია და დაცული უნდა იყოს,“ - ნათქვამია 31 დეპუტატის ერთობლივ წერილში. ჯოზეფ ბორელისადმი წერილის ხელმომწერები არიან პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და თიის როიტენი სხვები.