ევროკავშირი რუსეთს ევროპაში პარტიებისა და მედიის დაფინანსებას აუკრძალავს - მედია

ევროკავშირი გეგმავს, რუსეთს ევროპაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება აუკრძალოს.

ასეთი შეზღუდვები გათვალისწინებულია სანქციების მე-14 პაკეტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.

პაკეტის მიღება 2024 წლის ივლისისთვის იგეგმება. რუსეთიდან დაფინანსების აკრძალვა დაიცავს ევროკავშირს „ბოროტი ჩარევისგან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ქვეყნებს შეეძლებათ გამონაკლისების დაშვება, მაგრამ მათ შესახებ ევროკომისიას უნდა აცნობონ.


გამოცემა EUobserver-ს, რომელიც ამ აკრძალვაზე წერს, მოყვანილი აქვს აშშ-ის დაზვერვის მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2014 წლიდან 2022 წლამდე რუსეთმა დაახლოებით 280 მილიონი ევრო დახარჯა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე 24-ზე მეტ ქვეყანაში.

სანქციების ახალი პაკეტით აიკრძალება ევროკავშირის ნავსადგურების გავლით რუსეთის თხევადი გაზის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდება და შეჩერდება უკრაინაში მოპარული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობა.


გარდა ამისა, პაკეტი გაამკაცრებს არსებულ შეზღუდვებს რუსეთის ავიაციისა და მინერალების იმპორტის მიმართ და ასევე გააფართოებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც ეჭვმიტანილია სანქცირებული საქონლით ვაჭრობაში.


ევროკავშირი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ იღებს სანქციების პაკეტებს, რომლებიც ზღუდავს რუსეთთან ვაჭრობას და რუსული პოლიტიკური ელიტის საქმიანობას.