საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რომელიც შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ გზავნილებს შეიცავს, განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, ომბუდსმენი მიმართავს მოქალაქეებს, რომ სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში მიმართონ საგამოძიებო უწყებებს.
„7 მაისიდან ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებს, ტელეფონით უკავშირდებიან უცნობი პირები და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ მოქალაქეთა განცხადებით მათ კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის მატარებელი გზავნილებისა, რიგ შემთხვევებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს საუბარი მუქარის შემცველია.
სახალხო დამცველს არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის.
ამასთან, პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს და აღნიშნული დემოკრატიული პროცესების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია მოქალაქეების მიერ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეა და აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის.
ამდენად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით ანგარიშსწორება მოჰყვეს.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დაშვება და ხელშეწყობა, ეს დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის, მსგავს ფაქტებს შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი ჰქონდეს სხვა მოქალაქეებზეც საკუთარი მოსაზრებების შეუფერხებლად გამოხატვის თვალსაზრისით.
როგორც 8 მაისს გახდა ცნობილი, ზარების განხორციელების ნაწილში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომლის მხრიდან დროული შეფასებები უმნიშვნელოვანესი იქნება.
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს," - წერია განცხადებაში.