ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა.
„სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება,” - წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი.
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.
გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას.