ელჩი: ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო - შენი გემი ევროპისკენ დაძრულია

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით გახდეს ევროპის ნაწილი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარია, პოლიტიკოსებს ესმოდეთ ეს ხმა, როგორც ევროკავშირში ესმოდათ ის გასულ წელს.


„დღეს, ტრადიციულად,  ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას.

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც.

მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ საკუთარი ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა, შარშან.


სანუკვარი მიზანი, რომელისკენაც თაობები, წლებია, შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე, იგივე მიზანს არ ემსახურო.


ზღვა, შესაძლოა, ხანდახან, ღელავს, მაგრამ, „საქართველო, შენი გემი, ევროპისკენ დაძრულია.“ შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ საქართველო წინ! წინ საქართველო წინ!“ განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ქართულ ენაზე მიმართვისას.


ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიებაზე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩები.