აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

„ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს,“ - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


მანვე აღნიშნა, რომ აშშ ფლობს ცნობებს შევიწროების მზარდი ფაქტებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.


„ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.


და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად მხოლოდ ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს,” - განაცხადა მილერმა.


მისივე თქმით, აშშ-მ ნათელი გახადა, როგორია „ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას.“

„მაგრამ ამ მომენტში, წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.