რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა. ვლადიმერ პუტინმა შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მან ფედერაციის საბჭოს, ყოფილი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წარუდგინა. შოიგუ ერთადერთი მინისტრია, რომლის თანამდებობაზე დატოვების წინადადებაც არ წამოუყენებია პრეზიდენტს. მას თავდაცვის მინისტრის პოსტი 2012 წლიდან უკავია. ის 1991 წლიდან იყო მინისტრი. 2012 წელს ნახევარწლიანი პაუზის განმავლობაში მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო. შოიგუ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.
რაც შეეხება ბელოუსოვს, ის მთავრობაში ეკონომიკის ბლოკის კურატორად იყო ცნობილი.
მედია წერდა მისი კონფლიქტების შესახებ ეკონომიკურ სამინისტროებთან და ცენტრალურ ბანკთან. 2021 წელს რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის წილმა 55%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში ომის ფონზე. მედია ასევე წერს, რომ ბელოუსოვი ერთადერთია პუტინის გარემოცვაში, ვისაც სჯერა „რუსეთის გარშემო მტრების წრის“ არსებობის. 2014 წელს ის მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას.
მთავრობაში ცვლილებებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც პრეზიდენტის არჩევის შემდეგ არის აუცილებელი, შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი დააპატიმრეს. მას მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში ედება ბრალი. იმ მინისტრებს შორის, რომელთა თანამდებობაზე დატოვებაც ითხოვა პუტინმა, არის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.