სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი აქტივობა მის მიერ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და სწორედ მათ მისწრაფებას უჭერს მხარს აშშ.


პატელი იხსენებს საქართველოს მთავრობის განაცხადს, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მთავრობის ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება.


„ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის მისწრაფებებს არ შეესაბამება - არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ, ქართველი ხალხის მიერ თვითგამოხატულ მისწრაფებებს.


ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა, მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.


ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მთავარი მოადგილის თქმით, თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ფლობს.


„ჩვენ თბილისში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ცნობები გვაქვს. როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.