რობერტა მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! - ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად

„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად,“ - ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ქართულ ენაზეც ეხმაურება.


„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად,“ - წერს რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა.

  • რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.