გაერო საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის უარყოფით შედეგებზე აფრთხილებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.


„სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება, დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად,“ წერს ორგანიზაციის წამომადგენლობა.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა.

  • რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.