პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები.
"გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები," - წერს პოლონეთის საგარეო უწყება.
პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.
პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.
საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“
თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.