თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და ის იმედოვნებს, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, მან განმარტა, რომ ეს მიზანი სწორედ საქართველოსთან პარტნირობას უკავშირდება.


„ახლახან დავასრულე შეხვედრები, მთელი დღის განმავლობაში, მთავრობის წევრებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევხვდი პრეზიდენტს, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ოპოზიციას. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ მას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა სიტყვით გამოსვლამ და პარლამენტში განხორციელებულმა ქმედებებმა დაგვაფიქრა იმაზე, იზიარებს თუ არა /საქართველოს/ მთავრობაც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს.


1992 წლიდან საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს მმართველი ინსტიტუტების განვითარებას, თავდაცვის, მთავრობის, მისი მარეგულირებელი ორგანოების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ არის საქართველოს ძლიერი პარტნიორი, ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით დავაფასეთ ეს ურთიერთობა, ესწრაფოდა რა საქართველო  ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებას.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება დააფიქსირა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვამაყობდით, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ.  ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს  NATO-ში გაწევრიანების წინსვლასთან დაკავშირებით,“ აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.


მან კანონის ირგვლივ მიმდინარე საუბრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა - თუ ხსენებულ პროექტს მიიღებდნენ, ამას შედეგიც ექნებოდა, რასაც ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა იძულება უწოდა, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ეს ასე არ არის, რადგან თავად საქართველოს ჰქონდა არჩეული გზა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილს გულისხმობს - ამ ინსტიტუტებში კი, გარკვეული სტანდარტებია, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერების გზა.


„აქ ჩამოსვლისას, შემაშფოთა, ორმა მიმდინარე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა საუბარმა. ერთი ეხება კანონს უცხოური გავლენის შესახებ. ამ კანონის ზოგიერთი მხარდამჭერი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც შეიძლება, ვიყოთ. ჩვენი ინტერესი არის საქართველო ევროკავშირთან და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან დაახლოება, ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა, გამჭვირვალობა.


გულწრფელად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც წარმოდგენილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება, რათა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის ევროპული ნორმების შესაბამისობაში მოსაყვანად, საქართველოს წინსვლის გზაზე. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე, რომ თუ კანონი ასეთი ფორმით იქნებოდა მიღებული, ამას შედეგები მოჰყვებოდა.


პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ  შესაბამისი შემფასებლები, რომლებიც ამბობენ, თუ რა წესები მოქმედებს და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობა და არა მათგან გადახვევა. საქართველოს გადაწყვეტილება, არ მოვიდეს შესაბამისობაში ევროპასთან, იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული.


ჩვენ გვჯერა და ამას ვხედავთ გამოკითხვებში, ვხედავთ ქუჩებში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან - ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 

ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით წინსვლისას. ასე რომ, თუ  საკითხები, რაც დღეს განვიხილეთ, განხორციელდება და კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაზიანების, რაც ვშიშობ, რომ ახლა ხდება,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა და „გლობალური ომის პარტიის“ საკითხიც ახსენა. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარი მიიღო.


„მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა (მათთან.) კანონი კი, უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. აღნიშნული ფართო საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და რომ საქართველომ ზურგი უნდა შეაქციოს „გლობალური ომის პარტიის“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს. და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, მიუხედავად 12-წლიანი ძლიერი თანამშრომლობისა. თითქოს, Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრული გაუგებრობა საქართველოსთან საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობ შესახებ.


ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც პრემიერმა გუშინ აღნიშნა. ჩვენ დავუკავშირდით ყველა დაინტერესებულ მხარეს სასაუბროდ. ჩვენ მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ჩვენი ურთიერთობები. ევროკავშირს აქ ჰქონდა დისკუსია და დაჰპირდნენ, რომ დრო დაეთმობოდა ამ კანონზე საუბარს. აქ ჩამოსვლამდე მე ვუთხარი, რომ გამიხარდებოდა ბატონი ივანიშვილის კიდევ ერთხელ ნახვა.


პრემიერმა თქვა, რომ ის /იავნიშვილი/არ შემხვდება, რადგან ჩვენ დე ფაქტო სანქციები გვაქვს მასზე დაწესებული. ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს. ასეთი გავლენიანი ადამიანი, რომ  ასე არასწორად იყოს ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, ეს ნიშნავს პირადი ინტერესის დაყენებას ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა, [ვალდებულებაზე] რაც  გულისხმობს მეტ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას.


ამიტომ ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება, გახდეს გარდამტეხი მომენტი დღემდე არსებულ კონსტრუქციულ და ნაყოფიერ თანმაშრომლობაში. თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციამ მშვიდობიანად იმოქმედოს. ჩვენ გვინდა, მომიტინგეები ან სხვები არ დააშინონ  – არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან არ /ხელყონ/ მათი საკუთრება როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ,“ განაცხადა ო'ბრაიენმა.


ის განმარტავს, რა შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე აშშ-სთან ურთიერთობებს.

„თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე ამოქმედდება და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და სპეკულირება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა საფრთხეშია. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: აშშ-ს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება გამოყოფილი  საქართველოსთვის, რომლის დახარჯვასაც ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ნახევარი სამხედრო დახმარებაზე, ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი ეკონომიკური განვითარების პროექტებზე, ინსტიტუციების მშენებლობაზე და გარკვეული ნაწილი  - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად,“ აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.


სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, იქნება შეზღუდვები, თუ მმართველი გუნდი კურსს არ შეცვლის.

„თუ კანონი ამოქმედდება ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის დარღვევით და ადგილი ექნება დემოკრატიის ძირის გამოთხრას და იქნება ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მაშინ ჩვენ გვექნება შეზღუდვები შეერთებული შტატებიდან. ეს არის ფინანსური და/ან მოგზაურობის შეზღუდვები ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებზე და მათ ოჯახებზე. მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს, ეს მოხდეს, არამედ, იმიტომ, რომ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ - ძლიერი დემოკრატიით. იმედია, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. და თუ არა, ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 13 მაისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა.

ჯიმ ო'ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ის ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების, ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე - პრეზიდენტ ზურაბიშვილს.