ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადსტურა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განმარტა, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ არის და შოკისმომგვრელია, როცა ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ფლობს.
„აქ მოსვლამდე, ასევე აღვნიშნე, რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ ბატონ ივანიშვილს ვნახავდი, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან “დე ფაქტო სანქციების ქვეშ გვყავს.“ ამ ეტაპზე მის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია.
პრემიერის მხრიდან იმის თქმა, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რატომ ვერ ხვდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მოქალაქეს, ნიშნავს ქვეყნის ინდივიდუალური ინტერესის მაღლა დაყენებას კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას გულისხმობს.
ამიტომ ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ, ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება, იყოს გარდამტეხი ამ მომენტამდე კონსტრუქციული და პროდუქტიული პარტნიორობის საკითხში. თუ დემონსტრაციები იქნება, ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციის იქ ყოფნა ასევე იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა, რომ არ მოხდეს მომიტინგეების ან სხვების დაშინება - არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან მათი ქონების წინააღმდეგ, როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.