ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს აცხადებს, რომ
მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.
განიხილავს თუ არა აშშ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა:
„მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.“
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას, ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის, ამერიკელმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება.“
რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხედავთ თუ არა კოორდინაციის ნიშნებს საქართველოში, ყირგიზეთსა და რესპუბლიკა სრპსკაში ახლახან მიღებულ „აგენტების კანონებს“ შორის, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა:
„უფრო მეტად ის მაინტერესებს, რომ ვნახო, საქართველო ევროპულ, ტრანსატლანტიკურ ნორმებს მისდევს. არსებობს განსხვავებული კანონმდებლობა უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში, და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომაც იყო ამხელა შეშფოთება კანონის თავდაპირველ სახელდებასთან დაკავშირებით.“
აშშ-სი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თანაშემწე რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ კანონში „არსებითი ცვლილებები“ უნდა შევიდეს, ვიდრე ის ამოქმედდება:
„ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და, ასევე, რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან,“ - აღნშნა ბლინკენის თანაშემწემ.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, როდესაც ცვლილებებზე საუბრობს, როგორი უნდა იყოს ეს ცვლილებები, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება და მედია მთლიანად ამ კანონიდან, - ის ამბობს:
„ვფიქრობ, ეს მიმდინარე საუბარი იქნება. გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები.
ასე რომ, არ მინდა, ვუკარნახო, ზუსტად რა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია.“
მანამდე ო'ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა, შეხვედრაზე იმის გამო, რომ ის უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში მას არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო'ბრაიენმა განაცხადა: „ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.“
„ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს.