აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მედიას გუშინ, 14 მაისს შეხვდა და ისაუბრა ყველა აქტუალურ საკითხზე. განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მისი ვიზიტის დღეს მიიღო საბოლოო მოსმენით. ეს არის კანონი, რომლის მიღებაც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის მკაცრ კრიტიკას იწვევს.
ჯეიმს ო'ბრაიენმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. Europetime სრულ ჩანაწერსა და თარგმანს გთავაზობთ ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით.
მედიის კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონი; არსებობს თუ არა სივრცე ვეტოს ფორმატში - კანონის შეცვლასთან ან განხილვასთან დაკავშირებით
სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ო’ბრაიენი: ბოლო კითხვაზე პრემიერმა თქვა, რომ დიახ.
პირველ ორ კითხვაზე ორი ტიპის პასუხი მაქვს. პრობლემატური არის ის ფორმა, რომლითაც ეს კანონი შემოიტანეს, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, რომ საქართველო მუშაობს ინტეგრაციისთვის, ისე, როგორც ჩვეულებრივ, ევროპული სახელმწიფოები ან პარტნიორები შეიმუშავებენ მსგავს წესებს და არა ძალისმიერად, წინააღმდეგობებისა პარტნიორების მიერ გამოთქმული შეშფოთებების ფონზე.
დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეები. მე წამოვჭერი ზოგიერთი, ყველა არ დაეთანხმა, თუმცა ეს საკითხები ეხება იმას, რომ ეს კანონი არ არის ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხოურ და ისიც დაფინანსების მხოლოდ ზოგიერთ უცხოურ წყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის არ წყვეტს ყველა იმ პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც არის შემუშავებული.
და შედეგი კი არის იმ სუბიექტების სტიგმატიზაცია, რომლებიც ექცევა ამ კანონში. ეს ორგანიზაციები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღიაა, რადგან ისინი საუბრობენ დაფინანსების წყაროებზე ან ასევე სხვა საკითხებზე. მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დაფარულად და ალბათ, ფინანსდებიან სხვა ქვეყნებიდან, და არა დასავლური ქვეყნებიდან, არ მოექცევიან ამ კანონის ფარგლებში. ეს სტიგმა შეიძლება იყოს ძალიან საზიანო, როგორც ვნახეთ გასულ კვირაში ვანდალიზმი და თავდასხმები იმ პირებზე, რომლებიც ამ ჯგუფებიდან არიან. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას იმ კანონების მიმართ, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ უცხოური დაფინანსებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა.
გამჭვირვალობის სფეროში არსებული მრავალი კანონი ქცევაზეა დაფუძნებული. ასე რომ, ისინი შეეხება ყველას, ვინც შეეცდება, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე და ეს კანონები არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს. ასევე ამ კანონების თანახმად, დაჯარიმებამდე ისინი ექვემდებარებიან სასამართლო განხილვას. ეს კანონი კი უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციის ყველა ჩანაწერზე – არამხოლოდ ფინანსურზე, არამედ, ყველა ჩანაწერზე და შეუძლია ასევე ჯარიმის დაწესება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლოში გასაჩივრება. ასე რომ, ეს წარმოადგენს საპირისპირო მიდგომას იმისა, რაც ამერიკის კანონშია მოცემული.
მაგრამ ისევ და ისევ, მთავარი საკითხია ის, რომ როდესაც ჩვენ ჩავერთეთ დისკუსიაში, ევროკავშირმაც და ჩვენც ვითხოვეთ შემდგომი კონსულტაციები ამ კანონზე და გვითხრეს, რომ არა, ეს განხორციელდება სამი სწრაფი მოსმენით. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარი მედიასთან თბილისში
ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რომ საქართველო ამ საკითხებში იცავდეს ტრანსატლანტიკურ ნორმებს. ბევრ ქვეყანაში იყო შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის უცხოური აგენტის კანონი და ეს ძალიან შემაშფოთებელია.
სწორედ ამიტომ იყო ამდენი შეშფოთება კანონის თავდაპირველი ფორმის შესახებ და ჩვენ ძალიან არ გვსურს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და აღსრულდეს იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი. ასე რომ, ვიდრე ის საბოლოოდ ამოქმედდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავინახოთ არსებითი ცვლილებები, თუ არა, ამას კიდევ დამატებული ის რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ, მიგვიყვანს შეკითხვამდე, თუ რამდენად გრძელდება ჩვენი პარტნიორობა.
კანონის შესაძლო ცვლილებების შესახებ
არა, ვფიქრობ, ეს იქნება განგრძობადი საუბარი. ის, რისი თავიდან აცილებაც გვინდა, არის ნებისმიერი სტიგმა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ გარკვეულ მცირე რაოდენობის ორგანიზაციებთან. მიმდინარეობს ევროკავშირის რეგულაციების ჩარჩოს შემუშავება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხები, მაგალითად, საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით. აგრეთვე აშშ-ში გვაქვს სხვადასხვა რეგულაცია. ასე რომ, მე არ მსურს, ზუსტად ვთქვა, რა გამოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ავიცილოთ თავიდან ის, რაც ვნახეთ გასულ კვირაში, ეს არის საჯარო განხილვა გარკვეული ორგანიზაციების შესახებ, რაც გამოიყენა ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობისთვის ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათი საკუთრების წინააღმდეგ.
შეკითხვა მომიტინგეების შესახებ, იქნება თუ არა მათთვის საკმარისი კანონში ცვლილებები?
მე მგონია, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციების შესახებ
მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.
ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის
ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება.
ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ გქონდათ სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ეს სიმართლეა?
არა, დღეს სატელეფონო ზარი არ მქონია.
- ამ ბმულზე შეგიძლიათ, გაეცნოთ მთავარი პრესკონფერენციის დროს, შეკითხვებამდე გაკეთებულ განცხადებებს