ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართა

ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში, დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.


კერძოდ  - პრემიერი ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ქაშვეთის ტაძარში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირიც. მან აღნიშნა, რომ „ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“


„დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც უკვე 10 წელიწადია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღინიშნება და გადმოგცემთ მის დალოცვასა და კურთხევას. ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს.


ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე, ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი - მამაკაცის, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი. ადამიანი მოწოდებულია ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა თაობა.


უფროსი თაობისგან გადაეცემა უმცროს თაობას სულიერი და კულტურული გამოცდილება. ამდენად, ოჯახი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის,“ - განაცხადა მან შეკრებილებისადმი მიმართვისას.


„საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის,“ – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს.


„უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ“, – განაცხადა ილია მეორემ.


ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებდა, მსვლელობის დასასრულს კი, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდა.


„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო. 


„დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელია და რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინა საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც.