პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს

ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:00 საათზე გადაიკეტა. აქციის მიმდინარეობისას დაწევს რუსეთის დროშა. მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დროშაც დაწვეს.

მანამდე ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო.


რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

აქცია-მსვლელობა ბათუმშიც მოეწყო. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ამ დროს რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილი გადაიკეტა. დემონსტრანტებმა პლაკატებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და შეძახილებით „გამოდით“ მსვლელობა დაიწყეს ისტორიული ბათუმის უბნებში.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.