ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია „მტკიცე რეკომენდაციას“ იძლევა, საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით, გაუქმდეს, „ვინაიდან კანონში არსებული ძირეული ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს იქონიებს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.“ „საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. „ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის,“ წერია დოკუმენტში.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონი დაჩქარებული პროცედურის მიხედვით შეაფასა. კომისია, მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.
დასკვნაში გაანალიზებულია კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. ის ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ ტესტს - შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.
ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, სტიგმატიზირების, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამოქვეყნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ სანქციებზე.
დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა.
„იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება, დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ წერს ვენეციის კომისია.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია „წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც არის ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობიარე და ასევე, ძალზე საკამათო ქართულ საზოგადოებაში, რასაც ცხადყოფს მასიური რეაქციები ქვეყანაში, მიღებულია ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის და ღიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას.“
„საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს, ასკვნის ვენეციის კომისია.“
„კანონის მიხედვით უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად განსაზღვრას, სერიოზული შედეგები ექნება, რადგან ეს ძირს გამოუთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე, მათ ოპერაციებს.
„რეგისტრაციის ტვირთისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის, ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რაც ზღუდავს სტიგმატიზირებული ასოციაციების დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებს, მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, რაც მათ შეიძლება დაეკისროს, და მუდმივი მეთვალყურეობა უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების ეფექტიან მუშაობასა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზირების ხელშემწყობი დაბრკოლებები „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის,“ წერს ვენეციის კომისია.
შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)