ფინეთი რუსეთიდან მიგრაციის შეჩერებისთვის ახალი კანონის მიღებას გეგმავს

ფინეთის პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, საშუალებას მისცემს ფინელ მესაზღვრეებს, რუსეთში დააბრუნონ აღმოსავლეთ საზღვრიდან თავშესაფრის საძებნელად ფინეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეები. ფინეთი ახლა ვალდებულია, მიიღოს ყველა მიგრანტი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ვიდრე მათი განაცხადები განიხილება.


ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ტელერადიოკომპანია Yle-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ კანონპროექტი, პირველ რიგში, რუსეთის საზღვრის გავლით შემოსულ მიგრანტებს შეეხება. ასევე აიკრძალება საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნა.


გამონაკლისი შეიძლება, დაიშვას განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის - მაგალითად, ბავშვებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-და მათთვის, ვისაც დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ან წამება დაემუქრება. უფრო მეტიც, ეს საფრთხე უნდა არსებობდეს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ლტოლვილი შემოდის ფინეთში, ანუ რუსეთში.


მესაზღვრეები დევნილისთვის საფრთხის ხარისხს შეაფასებენ და მათთვის სპეციალური სწავლება ჩატარდება. თუ ფინეთის სასაზღვრო სამსახური არ გამოავლენს თავშესაფრის მოთხოვნის საკმარის საფუძველს, მიგრანტი დაბრუნდება რუსეთში, მაშინაც კი, თუ რუსეთი არ დათანხმდება მის მიღებას.

კანონი ასევე საშუალებას მისცემს მესაზღვრეებს, გამოიყენონ ძალა. ფინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ასეთ პირობებში ისინი შეძლებენ რუსეთთან საზღვრის ნაწილობრივ გახსნას, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან მთლიანად დაიხურა.


ცნობისთის, ფინეთი უერთდება NATO-ს პროექტს, რომელიც რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი "დრონების კედლის" შექმნას ითვალისწინებს. პროექტში, რომელიც პროვოკაციებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, რუსეთის მოსაზღვრე ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ფინეთის გარდა, ესენი არიან ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. ამავდროულად, რუსეთ-ფინეთის საზღვარი სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 1272 კილომეტრია.