ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას - მედია

ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას. შესაბამის ცნობას უკრაინული მედია დასავლურ წყაროებზე დაყრფნობით ავრცელებს.

კერძოდ, ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს. ინფორმაციას Politico გერმანიის მთავრობის პოზიციასთან გაცნობილ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.


Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია.


ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებეშტრეიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები მხოლოდ მისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება და შესაძლოა აგრესორის ტერიტორიაზე გაფართოვდეს“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბერლინსა და კიევს შორის არსებული შეთანხმებები კონფიდენციალურია.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს. ბლინკენმა მოლდოვაში ვიზიტისას გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არ ახალისებენ და ქმნიან შესაძლებლობას ასეთი დარტყმებისთვის, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი და რომ აშშ-ის მთავრობა „ომის განვითარებასთან ერთად, საჭიროებისამებრ მოახდენს თავისი პოზიციის ადაპტირებას და კორექტირებას.“

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსეთზე თავდასხმებს ამერიკული იარაღით, ბლინკენმა უპასუხა: „ადაპტირება და კორექტირება ნიშნავს ზუსტად ამას.“


სამშაბათს, 28 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება აქვს.