შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პროცედურის მიხედვით, თუ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტი არ აწერს ხელს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში და ამ დროიდან შეიძენს სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.