ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება, გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს იმედს არ კარგავს.
“საშუალება მომეცით თქვენ და ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოს იმედს არ ვკარგავთ. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ.
ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემა გვაქვს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა დაძლეულ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრჩეთ. ძალიან მომთმენები ვართ, საქართველოს ველოდებით. საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც ისტორიული მიღწევა იყო.
მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი დაფინანსება შეიძლება, დაიკარგოს, სხვები შეიძლება, გადამისამართდეს ან შეჩერდეს - კი, არის ზომები, რომლებსაც “[სანქციების] ვარიანტების საბუთი” მოიცავს და 27 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს ამას.
რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, პირიქით, ამ კანონზე საპასუხოდ, ჩემი ვარაუდია, რომ ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება, გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, რომლებიც ნამდვილად უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მანვე ღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით, თუ რა ხდება, “ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ.“
ელჩის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ბრალდება ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსებას ეხებოდა, რაც უსაფუძვლოა.
ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ამაყობს დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა და ნებისმიერი დეტალის, თითოეული ევროს, რომელიც საქართველოში დაიხარჯა, ნახვა შესაძლებელია შესაბამის ვებგვერდზე.
ელჩი მწუხარებას გამოთქვამს და შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირების ბრალდებებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი განცხადებები, არ განმეორდება.
“კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარის არგაკეთების ძალიან ნათელი პოლიტიკა მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენი, ევროკავშირის მიმართ, ბრალდებები თითქოს, ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს; ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები.
ეს განცხადებები ძალიან მამწუხრებს. საქართველოში თითქმის ორი წლის ყოფნის შემდეგ სრულიად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე, მესმის, რომ, როგორც ყველამ ვიცით, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ. ვცდილობ, ეს განცხადებები ესკალაციურად არ მივიღო, მაგრამ რაზეც ნამდვილად ვნერვიულობ არის ის, რომ ეს განცხადებები ასევე ესმით ევროკავშირის დედაქალაქებში, ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება და ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ.
როგორც ყველამ ვიცით, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია 9 ნაბიჯიდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოა, არ გამეორდება. ერთ-ერთი ასეთი განცხადება გვადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, ტერორიზმის დაფინანსებაში. მინდა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ განვითარების კუთხით მთელი ჩვენი დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვახორციელეთ აქ, საქართველოში - ყოველთვის საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო მუშაობით. ჩვენს ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ “პროექტებს” "დააკლიკოთ". გთხოვთ, გააკეთეთ ეს. შემდეგ გადაგამისამართებთ ვეგბერდზე eu4georgia.eu-ზე, სადაც ნებისმიერი დეტალი შეგიძლიათ იპოვოთ თითოეული ევრო, რომელიც საქართველოში დაიხარჯა,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებით არ არის დაკავებული.
ელჩის თქმით, ევროკავშირი მუშაობდა, მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ ვართ დაკავებული. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა მთავრობასთან ვმუშაობდით, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ახლანდელ მთავრობასთან და ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რომელიც 26 ოქტომბრის, იმედია, თავისუფალი და დემოკრატიული, არჩევნების შემდეგ იქნება არჩეული," - აღნიშნა მედიასთან ელჩმა ჰერჩინსკიმ.